13 იანვრის ლიტვის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
გასულ პარასკევს საქართველოს პარლამენტმა ლიტვაში 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რითაც მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, გამოიძიოს აგრესიის გარემოებები და გაუწიოს დახმარება ლიტვის ხელისუფლებას დამნაშავეების სასამართლოს წინაშე წარდგენაში. რეზოლუცია ერთსულოვნად 77 ხმით იქნა მიღებული. რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ აქ (ლიტვურ, ინგლისურ და ქართულ ენებზე).
დოკუმენტში აღინიშნება, რომ 1991 წლის 13 იანვარს ლიტვაში საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის უხეშ გამოყენებას შედეგად მოყვა მსხვერპლი და ასობით ადამიანის დაშავება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო.
რეზოლუციაში, ასევე, ნათქვამია, რომ 1991 წლის იანვრის მოვლენები კვალიფიცირებულია, როგორც ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აგრესია; ამ დრომდე მისი ორგანიზატორები და დანაშაულის ჩამდენნი არ არიან დასჯილნი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი უცხადებს სოლიდარობას ლიტველ ხალხს და მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არასდროს დართოს ნება 1991 წლის იანვრის დანაშაულში ეჭვმიტანილებს საქართველოს ტერიტორია მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად გამოიყენონ.
პარლამენტი, ასევე, მოუწოდებს რუსეთს ლიტვის ხელისუფლებას საჭირო დახმარება გაუწიოს 1991 წლის იანვრის დანაშაულებების გამოძიებასა და ორგანიზატორებისა და დამნაშავეების სამართლებლივ დასჯაში.
პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ყველა შესაძლო საშუალებით დაარწმუნოს რუსეთის მხარე ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
1991 წლის 13 იანვრის ღამეს სუკ-ის მიერ ლიტვის ხელისუფლების გადაყენების მცდელობისა და საბჭოთა ჯარის აგრესიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
საბოლოოდ, 13 იანვრის მოვლენებთან 48 პირი დააკავშირეს, აქედან ექვსმა სასჯელი უკვე მოიხადა, 15 პირს საქმის წინასწარი გამოძიება დროებით შეუჩერდა, ოთხი ეჭვმიტანილი გარდაიცვალა და 23-ს სამხედრო დანაშაულში და, აგრეთვე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ბრალდება წაუყენეს.
რუსეთი და ბელორუსია ზოგადად 1991 წლის იანვრის მოვლენების გამოძიებაში ლიტვის პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
წყარო: delfi.lt