ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამომრჩევლები თანდათან ოპოზიციურ პარტიებს ემხრობ
საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 27 თებერვლის თვითმმართველობის არჩევნებში ლიტველი ამომრჩევლები ხმას ოპოზიციურ პარტიებს მისცემენ. გამოკითხვა 13-დან 23 იანვრამდე ვილმორუსის საზოგადოებრივი აზრისა და ბაზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარდა. თუკი არჩევნები დღეს გაიმართებოდა, ხმის უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია და პარტია „წესრიგი და სამართალი“ მიიღებდნენ. ისინი შესაბამისად მიიღებდნენ ხმათა 12.4%, 11.4% და 9.6%-ს.
მმართველი „სამშობლოს კავშირი“- ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 8.2%-ს, ლიბერალები და ცენტრალური კავშირი კი- ხმათა 3.0%-ს შეაგროვებდა. ქრისტიანული პარტიის რეიტინგი 1.3%-ს შეადგენს. დანარჩენი პარტიები კი ხმათა 1%-ზე ნაკლებს მიიღებდნენ.
წელს პირველად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატებიც მიიღებენ. ამომრჩეველთა 14.3% მზადაა მათ დაუჭიროს მხარი.
რესპოდენტთა 13.1%-მა აღნიშნა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამავდროულად, 17.9%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას.
1991 წლიდან ეს ლიტვისთვის რიგით მეექვსე ადგილობრივი არჩევნები იქნება. 60 მუნიციპალიტეტში არსებული 15,000 ადგილისთვის 23 პოლიტიკური პარტია და 500-ზე მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.
ითვლება, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები გამოავლენს თუ როგორ წარადგენენ თავს პოლიტიკური პარტიები მომავალ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
წყარო: lrytas.lt