არვიდას საბონისს პრეზიდენტის საპატიო ორდენი გადაეცა
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბ-ნი არვიდას საბონისი პრეზიდენტის საპატიო ორდენით დააჯილდოვა. ეს სახელმწიფო ჯილდო, რომელიც იშვიათად თუ გადაეცემა უცხოელ მოქალაქეებს, საბონისს ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ხელშეწყობის აღსანიშნად გადაეცა. ორდენის გადაცემის ცერემონიალს, სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოში ლიტვის ელჩი, იონას პასლაუსკასიც დაესწრო. „მსიამოვნებს, რომ ქართველებს ასე ახსოვთ არვიდას საბონისი. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ სპორტი ლიტველებისა და ქართველების დამაკავშირებელი კიდევ ერთი ფაქტორია“,- აღნიშნა პასლაუსკასმა.
ბ-ნი საბონისი, როგორც „ევროკალათა 2011“-ის ელჩი, მ.სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა და არა მარტო ლიტვის ეროვნული ნაკრების ოოფიციალური მაისური, არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფორმაც წარუდგინა, რომელიც ლიტვურმა კომპანია „ტუტამ“ აწარმოა.
25 მაისს ბ-ნმა არვიდას საბონისმა ოფიციალურად წარადგინა ჩემპიონატი და ელჩთან, იონას პასლაუსკასთან და საქართველოს კალათბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან, ბ-ნ ბესო ლიპარტელიანთან ერთად კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებს თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად ლიტვაში ჩამოსვლა მოუწოდა.
საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც საბონისმა და „ევროკალათა 2011“-ის ორგანიზატორებმა ჩემპიონატი წარადგინეს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით საბონისი უკვე ესტუმრა სლოვაკეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, რუსეთს, ესპანეთს, ისრაელს, ლატვიასა და საბერძნეთს.
ლიტვაში ევროპული კალათბურთის ჩემპიონატის პრეზენტაციას მხარს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო უჭერს.
