ბალტიისპირეთის სახელმწიფოები საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებულად ჩატარებას ულოცავენ
2 ივლისს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩებმა გადასცეს ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. წერილი მილოცვითი ხასიათისაა და ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებულად ჩატარებას.
„ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებულად ჩატარებას, რაც სიმბოლურად დაემთხვა ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლისთავს. გამოწვევის ხარისხი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ თავმჯდომარეობის დიდმა ნაწილმა COVID 19-ს პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ მდგომარეობაში ჩაიარა და ამავე დროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიებია, ოკუპირებული იყო ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ“ ვკითხულობთ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ლინას ლინკევიჩუსის, ედგარას რინკევიჩსის და ურმას რეინსალუს წერილში.
მინისტრების წერილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად თავმჯდომარეობის დროს არსებული უპრეცედენტო სიტუაციისა, საქართველომ მოახერხა ფოკუსირება ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტებსა და ღირებულებებზე. ამავე დროს, ინოვაციურმა საშუალებებმა შესაძლებელი გახადა სამუშაოს წარმართვა დისტანციურადაც.
შეხვედრის დროს ლიეტუვის ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა, ლატვიის ელჩმა, ინგრიდა ლევრენცემ და ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა გამოხატეს თავიანთი სიხარული ევროპული საბჭოს რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის რიგი არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მცხოვრებთათვისაც ეტაპობრივად გაუქმდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა. მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავისი მადლიერება გამოხატა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ელჩებმა ასევე მიულოცეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების საშუალებას იძლევა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან. ეს უზრუნველყოფს, რომ შემოდგომაზე საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე ეკავა.