დისკუსია ლიეტუვასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
22 იანვარს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ და ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისმა შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრის დროს განიხილეს არსებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტიული მიმართულებები და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა.
ელჩმა ა. კალინდრამ და ვიცე-პოლკოვნიკმა ტამოშაიტისმა ხაზი გაუსვეს, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ნატოს ღია კარის პოლიტიკას, საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მათ გააჟღერეს მოწოდება თავდაცვის რეფორმების მუდმივი განხორციელებისა და არსებული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ალიანსის საერთაშორისო მისიებში.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და აღნიშნეს, რომ ლიეტუვა არის ქართველი სამხედროების ინგლისური ენისა და პროფესიული განვითარების კურსების რეგულარული სპონსორი ლიეტუვის სამხედრო აკადემიაში და ასევე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში; აქტიურად ვითარდება პარტნიორობა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებსა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის. თანამშრომლობა კიბერ უსაფრთხოებაზე ასევე რჩება არსებულ და სამომავლო პრიორიტეტად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების ძირითადი კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს. საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ. წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახული ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაა.
ლიეტუვა და საქართველო თავიანთი სახელმწიფო თავდაცვის საფუძვლად ასახელებენ გლობალურ თავდაცვის სტრატეგიას, რომლის განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ გამოწვევას მოიცავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესიის შემთხვევაში ქვეყნის წინააღმდეგობისუნარიანობისათვის.