ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა
21 იანვარს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა შეხვდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაია ბითაძეს და ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს.
ქალბატონ ბითაძესთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში გარემოსდაცვითი საკითხების განხილვაზე. ელჩმა ა. კალინდრამ წარმოადგინა ლიეტუვის მიღწევები ნარჩენების მართვისა და გადამუშავების, ენერგოეფექტურობის, დეპოზიტების სისტემის მუშაობისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებში. ელჩმა აღნიშნა, რომ ზედიზედ რამდენიმე წელია, ლიეტუვური კომპანიები წარმატებით ახორციელებენ განახლებადი ენერგიის - მზის მოდულის დამონტაჟების პროექტებს საქართველოში. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში ეკოლოგიის საკითხი თანდათან უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამიტომ ისინი მუდმივად თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დასახული მიზნების მისაღწევად და ქართველი ხალხისათვის ჯანმრთელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკის, კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში და მადლობა გადაუხადა ელჩს ლიეტუვის მხრიდან მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისათვის. მან ასევე აღნიშნა მტკიცე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. შეხვედრის დროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნ. სამხარაძემ და ელჩმა კალინდრამ განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხორციელება და ევროატლანტიკური მისწრაფებები 2021 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ბრიუსელში.