*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა

დღეს ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა, მიულოცა პრემიერ მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა და წარმატება უსურვა ახალდანიშნულ მთავრობას. ელჩმა პრემიერს ასევე გადასცა მილოცვის წერილი ლიეტუვის პრემიერ მინისტრის, ქალბატონ ინგრიდა შიმონიტესგან.

ანდრიუს კალინდრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიეტუვა არ აპირებს რაიმე კომპრომისზე წასვლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის საკითხებთან დაკავშირებით და რომ მისი პოზიცია ამ მიმართულებით გაეროს ქარტიის ერთგული რჩება. ელჩმა დაგმო რუსეთის ბოლოდროინდელი გეგმები, რომ აფხაზეთი რუსეთის სოციო-ეკონომიკური სივრცის ნაწილად აქციოს.

ელჩმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის მთავრობის ახალი პროგრამისა და პარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილებს, სადაც ლიეტუვამ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციისადმი ევროკავშირსა და ნატოში, ისევე როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრ გახარიას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო საგარეო ურთიერთობათა შესახებ, რომელიც გამოხატავს მტკიცე მონდომებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და ასახელებს ლიეტუვას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ბალტიისპირეთის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად.

ბოლო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კონფრონტაცია სასარგებლო არავისთვისაა და რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ინკლუზიური და საკითხებზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას.

ელჩმა ანდრიუს კალინდრამ აცნობა პრემიერ მინისტრ გახარიას, რომ ლიეტუვამ ინიცირება გაუკეთა წერილს, რომელიც ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ არის ხელმოწერილი და აყენებს იდეას შეიქმნას მხარდამჭერი მექანიზმი, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ნაადრევი წვდომა მიიღონ COVID-19-ის ვაქცინაზე.

საუბარი ასევე შეეხო ნატოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტებს, რომელთა ფარგლებშიც ლიეტუვა სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს საქართველოს მისწრაფებებს და გეგმავს წარადგინოს ამბიციური გეგმები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს გაფორმებული.

აღინიშნა რომ პარტნიორობა ლიეტუვასა და საქართველოს შორის უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს ისეთი მიმართულებით როგორებიცაა განახლებადი ენერგიის ინიციატივები, ახალგაზრდული, კულტურული და აკადემიური გაცვლითი პროგრამები.

და ბოლოს, ელჩმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ მინისტრ გახარიას, რომ ლიეტუვამ ოფიციალურად და შეუქცევადად მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს „საქართველას“, როგორც არა ალტერნატიული, არამედ ოფიციალური სახელი საქართველოსათვის ლიეტუვურ ენაში, რაც წარმოადგენს ლიეტუვისა და მისი ხალხის პატივისცემის გამოხატულებას ქართული ენისა და არჩევანისადმი.