ელჩი ანდრიუს კალინდრა თელავს ეწვია და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა
19 ნოემბერს ელჩი ანდრიუს კალინდრა თელავს ეწვია, სადაც გამართა გაცნობითი შეხვედრა თელავის მერთან, ბატონ შოთა ნარეკლიშვილთან და მის მოადგილესთან, ქალბატონ ფიქრია ყუშიტაშვილთან.
შეხვედრის დროს ელჩმა ხაზი გაუსვა ლიეტუვასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას, ისევე როგორც მტკიცე მეგობრობას ლიეტუვის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და თელავს შორის.
ელჩმა თელავის მერს გადასცა მილოცვის წერილები ანიკშჩაის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ სიგუტის ობელევიჩუსისა და კედაინის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ ვალენტინას ტამულისისგან, რომლებიც უკავშირდებოდა თელავობის დღესასწაულს და ასევე მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავს. ერეკლე მეფის სასახლე თელავის ცენტრს დღესაც ამშვენებს.
თანამშრომლობა ანიკშჩაისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის 2011 წელს დაიწყო, ხოლო კედაინისა და თელავის დაძმობილება 2018 წელს მოხდა. მას შემდეგ პარტნიორობა მოიცავს კულტურას და ხელოვნებას, ჯანდაცვას, ტურიზმს და სპორტს, ინდუსტრიას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას და ტრანსპორტის სფეროს, ისევე როგორც ეკოლოგიასა და ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას. თელავის, ანიკშჩაისა და კედაინის მეგობრობის ამსახველი სიმბოლური მონუმენტი თელავის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერშია განთავსებული.
შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაგრძელებას ლიეტუვის მუნიციპალიტეტებსა და თელავს შორის, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს აქტიური ჩართულობით. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მდგრადი რეგიონული განვითარების მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მერს მისი მუნიციპალიტეტის აქტიური მონაწილეობისათვის საელჩოს ამ მიმართულებით განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტში 2019 წელს.
ელჩმა ასევე გამოთქვა სურვილი კიდევ უფრო განვითარდეს თანამშრომლობა კულტურის სფეროში, გაიხსენა რა ძალიან წარმატებული ერთობლივი გამოფენა ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების მიერ თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ელჩმა ასევე წამოაყენა ინიციატივა ახლო მომავალში გაიმართოს ლიეტუველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა თელავის საზოგადოებისათვის.