ელჩი პასლაუსკასი: ლიტვა გააგრძელებს ნატოს მხარდაჭერის გაძლიერებას კანდიდატი ქვეყნებისთვის
ლიტვა გააგრძელებს ნატოს მცდელობებისა და მხარდაჭერის გაზრდას ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისთვის მათი ინტეგრაციის პროცესში, განაცხადა გასულ ოთხშაბათს ბათუმში გამართულ საქართველოს თავდაცვის კონფერენციაზე ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა. „ჩვენი აზრით, ნატომ არა მარტო უნდა გაუღოს კარი ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, არამედ გააგრძელოს ამ ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა ნატოში გაერთიანების მზადების პერიოდში“, აღნიშნა ელჩმა.
კონფერენციას საქართველოს მთავრობისა და საზღვარგარეთი ქვეყნების ოფიციალური პირები, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სელესტა უალანდერი, ნატოს საერთაშორისო სამხედრო პერსონალის მთავარი ხელმძღვანელი იურგენ ბორნემანი, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას უმბრასასი და სხვა უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის რიგით მეექვსე კონფერენციაზე მთავარი ადგილი დაეთმო მსჯელობას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მომავალ გამოწვევებზე.
ამა წლის 1 იანვრიდან ლიტვა საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციას ასრულებს და ამ პოზიციას 2012 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.
წყარო: ლიტვის საელჩო