*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს

2021 წლის 18 მარტს ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ გაცნობითი შეხვედრა გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან. შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრაზე ელჩმა კალინდრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დაცვის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რომელშიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საზოგადოება.

შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში 2008 წლის ომის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე. ელჩმა ასევე დაგმო სეპარატისტული უსაფრთხოების ძალების მხრიდან პროვოკაციები ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატს და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების მიმართულებით და ასევე შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს მთავრობის მთავარ სტრუქტურას, რომელიც ხელმძღვანელობს ეროვნული უმცირესობების საკითხებს, ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა სახელმწიფო მშენებლობის, სახელმწიფოებრიობის დაცვისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საქმეში. ელჩმა და სახელმწიფო მინისტრმა განიხილეს შესაძლო სამუშაო ვიზიტი ლიეტუვის მთავრობასთან არსებული ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტიდან, რომელიც მიზნად ისახავს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეროვნული, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკის საკითხებში.