*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩმა ანდრიუს კალინდრამ გაცნობითი შეხვედრები გამართა საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში

2020 წლის 6 ნოემბერს, ელჩი ანდრიუს კალინდრა ესტუმრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და გამართა გაცნობითი შეხვედრები უნივერსიტეტთან არსებულ ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრთან, ისევე როგორც უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ დავით გურგენიძესთან.

ელჩი შეხვდა ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს, დამაარსებელს, ბატონ ვიდას კავალიაუსკასს, დაათვალიერა ცენტრის ოფისი და განიხილა წლების განმავლობაში ცენტრსა და საელჩოს შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა, ისევე როგორც თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. „უკვე რვა წელია ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი წარმატებით ამზადებს ამბიციურ ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ლიეტუვური ენის სწავლა, სხვადასხვა პროექტების ინიცირება, ლიეტუვისა და მისი კულტურის გაცნობა. ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტებს აღმოაჩინონ სასწავლოს პროგრამები ლიეტუვაში და ამით ხელს უწყობს ახლო, ორმხრივ კავშირებს ხალხებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის პირობებშიც კი ინტერესი ლიეტუვურ ენასთან დაკავშირებით განაგრძობს ზრდას“ განაცხადა ელჩმა შეხვედრის დროს.

დამატებით ასევე აღინიშნა, რომ ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მზად იქნება წვლილი შეიტანოს ერთობლივ ინიციატივებში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიულ მახსოვრობასთან და ეროვნული უმცირესობების როლთან ქართული და ლიეტუვური სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში.

უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას, ელჩმა გამოხატა მადლიერება თანმიმდევრული თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტსა და საელჩოს შორის და წარადგინა ლიეტუვის სეიმის სპიკერის, ბატონი ვიკტორას პრანცკიეტისის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი სიგელები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისადმი, უნივერსიტეტის კანცლერის, ბატონ კარლო კოპალიანისადმი, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ვიდას კავალიაუსკასისადმი და ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტის, ბატონ ირაკლი დუდაურისადმი. საუბარი შეეხო არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას და ლიეტუვური კულტურის უფრო ფართოდ წარდგენას ქართული საზოგადოებისათვის.

ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი ფინანსდება ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ და ასევე აქვს ხელშეწყობა ლიეტუვის სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისგანაც. 2012 წლიდან დღემდე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ცენტრში 350-მდე სტუდენტი სწავლობდა.