*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩმა ნატოს სამეკავშირეო ოფისში განიხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობა

2021 წლის 9 მარტს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ და ლიეტუვის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნერიუს ტამოშაიტისმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ როზარია პუგლისისთან. შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის შენობაში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თემატიკა არსებული ფორმით, აგრეთვე სამომავლო გეგმები. ელჩმა და ქალბატონმა პუგლისიმ გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს პროგრესის შესახებ ნატოსაკენ მიმავალ გზაზე, ყურადღება გაამახვილეს ზოგადად ალიანსის ისევე როგორც კონკრეტულად ლიეტუვის მუდმივ მხარდაჭერაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს წევრობის საკითხთან დაკავშირებით.

განსახილველ თემათაგან კიდევ ერთი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ბორდერიზაციის განგრძობადობის საკითხი. ელჩმა და ქალბატონმა პუგლისიმ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ისაუბრეს საჭიროებაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეასრულოს თავისი როლი ამ მხრივ სიტუაციის მოგვარებაში.

საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას და ბოლოდროინდელ ცვლილებებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატოსა და მისი ცალკეული წევრი ქვეყნების მხრიდან მდგრადი პოლიტიკური მიდგომების მნიშვნელობას, რაც გამოიხატება რეგიონში ახლო პარტნიორი ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გაღრმავებაში.

ლიეტუვის მთავრობა ინტენსიურად მონაწილეობს ნატოს უსაფრთხოების ინიციატივებში საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) პლატფორმის საშუალებით და ასევე პოტენციალის განვითარების სფეროში პოლკოვნიკ გინტარას ბაგდონასის მიერ გაწეული სამუშაოს წყალობით, რომელიც საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფიცრის მოვალეობას ასრულებს.