ეველინა საშენკო წარადგენს ლიტვას 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
გასულ ხუთშაბათს საღამოს ეროვნული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ლიტვას 23 წლის ეველინა საშენკო წარადგენს. საშენკო შეასრულებს სიმღერას „C'est ma vie“, რომელმაც ამომრჩევლებისა და კომისიის მხრიდან 24 ქულა დააგროვა.
მეორე ადგილზე ლინას ადომაიტის სიმღერა „Floating to you“ მოხვდა, მას რუტა შჩიოგოლევაიტეს „I will break free“ მოჰყვა.
2011 წლის ევროვიზიის კონკურსზე გამგზავრებისთვის ერთმანეთს ცამეტი მომღერალი შეეჯიბრა.
ამა წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 10-14 მაისს დუსელდორფში, გერმანიაში გაიმართება.
წყარო: lrt.lt