იწყება ლიეტუვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში
19-21 ოქტომბერს, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა დეპარტამენტის დირექტორი ვიდა მონტვიდაიტე და ნ. გენიტეს პანსიონატის დელეგაცია, დირექტორ ვიტაუტას ვიგელისის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ თბილისს. პ. გენიტეს პანსიონატს, რომელიც მდებარეობს პაბრადეში, დაუგროვდა დიდი გამოცდილება ინსტიტუციონალური მოვლის მოდელის ოჯახის ტიპად გადაქცევაში და მზად არის გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს შესაბამის დაწესებულებებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს ომბუდსმენის ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნინო ვალიკოვს, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორს, მერი მაღლაფერიძეს, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თინათინ ღოღელიანს და ეწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებს დუშეთისა და მარტყოფის მუნიციპალიტეტებში. დისკუსიების დროს მხარეებმა გაცვალეს გამოცდილება სოციალური და სამედიცინო მომსახურების სფეროში პანსიონატების მაცხოვრებლებისთვის და არსებული კარგი პრაქტიკა ინდივიდების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვის ქართული სისტემა მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, ამიტომ დაიგეგმა ორმხრივი უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ქართული ინსტიტუტები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ ლიეტუვაში სოციალური მომსახურების გაწევის პრაქტიკით, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ოჯახებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დროებით მოვლას.
ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი ვიდა მონტვიდაიტე ასევე შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს. საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ლიეტუვის თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გაიცვალა მოსაზრებები ეროვნული უმცირესობების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული ინტეგრაციისა და უკანონო მიგრაციის გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ლიეტუვასთან თანამშრომლობით საინფორმაციო მედეგობისა და მტრული პროპაგანდის პრევენციის სფეროებში. ასევე ხაზი გაესვა საერთო ინტერესს ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.