ქართველმა ახალგაზრდებმა მონაწილეობას მიიღეს ქუჩის ცეკვების საერთაშორისო კონკურსში ლიტვაში
ახალგაზრდების ჯგუფმა საქართველოს ქალაქ რუსთავიდან მონაწილეობა მიიღო ქუჩის ცეკვების საერთაშორისო კონკურსში სახელწოდებით „Rise Up: Summer Challenge'11“, რომელიც გასულ შაბათს პანევეჟისში (ლიტვა) გაიმართა. სამმა ბავშვმა გაჭირვებული ოჯახებიდან წარადგინა ბრეიქდანსის ნომერი, რომელიც სპეციალურად ლიტვის ფესტივალისთვის დაიდგა.
კონკურსის შემდეგ ბავშვები გაივლიან ცეკვის 1 კვირიან გაკვეთილებს, რომელსაც ცნობილი ლიტველი ქორეოგრაფი, ჰიპ-ჰოპის მსოფლიო ჩემპიონი დაინიუს ჟებრაუსკას-სკრუზდელიუკასი (ე.წ.The Little Ant-ი) უხელმძღვანელებს.
სამივე ქართველი ბავშვი რუსთავში მდებარე არაოფიციალური ახალგაზრდული განათლების ცენტრიდანაა, რომელიც გასულ წელს ლიტველი ბიზნესმენებისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს დახმარებით იქნა განახლებული. ცენტრი, მალევე, გახდა მეორე სახლი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გაჭირვებული ოჯახებიდან არიან და ვინც ქუჩაში ცხოვრობს.
საქართველოდან მოცეკვავეების მოწვევა ლიტველი ბიზნესმენის, აუდრიუს ლუკაუსკისის იდეა იყო. იგი რუსთავს მარტის თვეში ეწვია და ბავშვების ცეკვამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა მან ისინი ლიტვაში მოეწვია. ლიტვის საელჩო დაეხმარა ლუკაუსკისს კონტაქტი დაემყარებინა ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან „შპს ზაქარიასთან“, რომელიც ბავშვების გამგზავრების კიდევ ერთი სპონსორი გახდა.
იმედოვნებენ, რომ ასეთი ინიციატივა დიდი მოტივაცია იქნება ამ ახალგაზრდებისა და მათი მეგობრებისთვის, რათა უფრო აქტიურად ჩაებან ცენტის საქმიანობაში, შესაბამისად უფრო დაცულები იქნებიან ქუჩაში ცხოვრების რისკისაგან.
ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი "Rise Up: Summer Challenge'11” პანევეჟისში უკვე მეორედ გაიმართა.
საცეკვაო ჯგუფმა საქართველოდან თავისი ბრეიქდანს ნომერი პანევეჟისის კინო თეატრში „Garsas“ 14 მაისს წარადგინა.
წყარო: ლიტვის საელჩო