კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკის საკითხებზე თბილისსა და ახალციხეში
19-21 მაისს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში არტურ ლიუკდოვსკი და ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ვიდა მონტვიდაიტე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში. დელეგაცია შეხვდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქალბატონ თეა ახვლედიანს, რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს და საქართველოს ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს. დისკუსიაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა სარგებლობს ეროვნული უმცირესობების მრავალფეროვნებით და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განმტკიცებას.
დამატებითი ყურადღება დაეთმო სახელმწიფოს როლს ეროვნული უმცირესობების, მათი კულტურული და რელიგიური იდენტობის, მემკვიდრეობისა და ტრადიციების მხარდაჭერაში. ”ლიეტუვა მზად არის განამტკიცოს საქართველოსთან თანამშრომლობა ეროვნული უმცირესობების პოლიტიკის საკითხებში, კერძოდ, სახელმწიფო დახმარების გაწევა უმცირესობებში მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე სწავლის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის მდგრადობის საკითხებში”, - აღნიშნა დეპარტამენტის დირექტორმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ქალბატონმა ვიდა მონტვიდაიტემ.
შეხვედრები ასევე ჩატარდა ახალციხეში. დელეგაცია შეხვდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რეგიონში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე ჰქონდა დისკუსია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორ ბ-ნ ბესო ამირანაშვილთან, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეროვნული უმცირესობების დასახმარებლად.
ვიზიტის დროს ასევე ჩატარდა გამოფენა "ჩვენ ერთად შევქმენით ლიეტუვა" ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში, რომელიც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით მუშაობს. პრეზენტაცია გთავაზობთ ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ქართველების, რეტროსპექტივას ლიეტუვის სახელმწიფოებრიობაში.