*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლექცია ნატოს შესახებ ზუგდიდში

დღეს  ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი ზუგდიდს ეწვია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო). ელჩი შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და ჩაატარა ლექცია სახელწოდებით „ნატო ლისაბონის სამიტის შემდეგ“.  

 

ღონისძიებას საქართველოს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ლისაბონის სამიტის დროს საქართველოს ალიანსის მომავალი წევრის სტატუსი მიენიჭა.

 

ამჟამად საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელება და ალიანსისთვის საიმედო პარტნიორად დარჩენა და სამეგობრო წრის აქტიური გაფართოებაა,“- აღნიშნა ლიტვის ელჩმა.

 

იონას პასლაუსკასმა, ასევე, საერთო ღირებულებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „ ალიანსი არა მისი შეიარაღებითა და სამხედრო შესაძლებლობებით ხასიათდება, არამედ იმ ღირებულებებით, რაც მის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებობს. უმარტივესი მაგალითი საგზაო მოძრაობის წესების დაცვაა. მართალია, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ ასეთი საკითხები ძალზედ მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანა იმით ხასიათდება თუ როგორ ემორჩილებიან მისი მაცხოვრებლები საზოგადო წესებსა და ქცევის ნორმებს, რამდენად სცემენ ერთმანეთს პატივს, შეუძლიათ თუ არა მოცემული სიტყვის შესრულება და რამდენად სანდონნი არიან. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველომ ეს ღირებულებები გამოიმუშაოს.“

 

2011 წლის 1 იანვრიდან ლიტვის საელჩო საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციებს ასრულებს. საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონების რეგულარული სტუმრობა და ადგილობრივ საზოგადოებასთან ალიანსის საქმიანობის, მისი მიზნების, მისწრაფებებისა და საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ შეხვედრების გამართვაა.