ლიეტუვამ საქართველოში მეთერთმეტე Twinning პროექტი მოიგო
ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ლიეტუვამ, როგორც უმცროსმა პარტნიორმა, პოლონეთთან ერთად მოიგო ევროკავშირის ტვინინგ პროექტი „საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის შემუშავება და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა“.
ორი წლის განმავლობაში, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო კვლევის ინსტიტუტისა და პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და გზებისა და მაგისტრალების გენერალური დირექტორატის ექსპერტთა გუნდი დაეხმარება საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის გაძლიერებაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ინსტიტუციურ დონეზე საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობები, ავარიების შესახებ მონაცემების შეგროვების ხარისხი და ანალიტიკური მეთოდები. ევროკომისია პროექტის განსახორციელებლად 1,3 მილიონ ევროს გამოყოფს.
ლიეტუვა საქართველოში ევროკავშირის ტვინინგ პროექტებს 2007 წლიდან ახორციელებს. წელს მეთერთმეტე პროექტი მოიგო, ხოლო ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 13 მილიონი ევროა. წინა წლებში ლიეტუვამ თავისი წვლილი შეიტანა საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურის რეფორმის განსახორციელებლად საჯარო სამსახურის შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, ტყის მდგრადი მართვის გაძლიერებაში, ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ბაზის მოდერნიზაციაში, დამოუკიდებელი ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვაში, მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, სისხლის ეროვნული ცენტრის შექმნასა და სხვა სფეროებში.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის ტვინინგის პროგრამა მხარს უჭერს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანაში მოკავშირე ინსტიტუტებს შორის, აძლიერებს ბენეფიციარი ქვეყნების ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს და ეხმარება მათ საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ლიეტუვა 2004 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის ამ პროგრამის საექსპერტო მხარდაჭერას და მოგებული აქვს ევროკავშირის ტვინინგის 124 პროექტის კონკურსი. ევროკომისიის მონაცემებით, ბოლო წლებში ლიეტუვა ევროკავშირის ყველაზე წარმატებული ქვეყნების ხუთეულშია ევროკავშირის ტვინინგ პროგრამაში. ლიეტუვამ ყველაზე მეტი პროექტი მოიგო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: უკრაინა 13, აზერბაიჯანი 13, საქართველო -11, მოლდოვა -11, სომხეთი -4, ბელორუსია 4.