ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამა აქცენტს აღმოსავლეთ სამეზობლოსა და საქართველოზე აკეთებს
11 დეკემბერს ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა ლიეტუვის მე-18 მთავრობის პროგრამა. მთავრობა, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა, შედგება სამი ცენტრისტი-მემარჯვენე პარტიისგან (ერთობა სამშობლოსათვის-ლიეტუვის ქრისტიან დემოკრატები, ლიბერალური მოძრაობა და თავისუფლების პარტია). ერთობა სამშობლოსათვის-ლიეტუვის ქრისტიან დემოკრატების ლიდერი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, დაინიშნა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად.
მთავრობის ახალ პროგრამაში ხაზგასმულია, რომ ლიეტუვის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებული იქნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის უზენაესობისა და მრავალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პრინციპებზე.
საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ნაწილში, მთავრობა ასევე ფოკუსირებულია აღმოსავლეთ სამეზობლოზე, ხაზს უსვამს რა, რომ თავისუფალი და ერთიანი ევროპის კიდევ უფრო გაფართოება ლიეტუვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის საჭირო პირობაა.
პროგრამა აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას უფრო ფართო კოალიციები მსგავსი შეხედულებების მქონე დემოკრატიული ქვეყნების მონაწილეობით, ისევე როგორც გაძლიერდეს ტრანს-ატლანტიკური და საერთაშორისო ალიანსები, რათა მოხერხდეს ბელორუსიელი ხალხის დახმარება მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, დადასტურდეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინისათვის ლიეტუვის მომავალ პრეზიდენტობამდე ევროკავშირის საბჭოში 2027 წელს და ხელი შეეწყოს დემოკრატიასა და თავისუფლებას სხვა ქვეყნებსა და რეგიონებშიც.
ასევე ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში რჩება დაძაბული და ნელ-ნელა უარესდება - რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს უკრაინაში, აფართოებს საკუთარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთის ჩარევისა უარყოფა ბელარუსის სახელმწიფოებრიობაში ფაქტობრივად შეუძლებელია.
ახალი მთავრობა პირობას დებს აქტიურად დაუჭიროს მხარი ნატოს ღია კარის პოლიტიკას, უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებს გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები და დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ლიეტუვის მთავრობა ასევე მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს პოლიტიკების ჩამოყალიბებაში, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სფეროში, დახმარების გაწევით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისათვის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაში და მედეგობის გაზრდაში ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების მიმართ.