*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიეტუვის სეიმის დელეგაცია საქართველოს ეწვია

29-31 ოქტომბერს, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) წევრები ბ-ნი აუდრონიუს აჟუბალისი და ბ-ნი კესტუტის მასიულისი ეწვივნენ საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დასაკვირვებლად საქართველოს დიდ ქალაქებში, სადაც გაიმართა არჩევნების მეორე ტური.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს მთავარ პოლიტიკურ და არასამთავრობო აქტორებთან. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელთან, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე ლევან ქარუმიძესთან შეხვედრაზე ლიეტუვასა და საქართველოს პარლამენტებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისევე როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითადი ასპექტები, მათ შორის DCFTA-ს განხორციელება და რეფორმების დღის წესრიგი. სეიმის წევრებმა ხაზი გაუსვეს ლიეტუვასა და საქართველოს შორის უწყვეტი საპარლამენტო კონსულტაციებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივების უზრუნველსაყოფად. „ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულ მხარდამჭერად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდელ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება ამ რეგიონებში, ასევე, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“ - აღნიშნა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ბ-ნმა აუდრონიუს აჟუბალისმა.

ასევე გაიმართა შეხვედრა ქართული მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ლიეტუველმა პარლამენტარებმა აღნიშნეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის განმტკიცებაში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის წინაპირობა.

ლიეტუველი დეპუტატები შეხვდნენ უმსხვილესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა მოესმინათ მათი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად.

30 ოქტომბერს დელეგაცია ელჩ ანდრიუს კალინდრასთან ერთად ქუთაისისა და ზუგდიდის რამოდენიმე უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის მეორე ტურის საარჩევნო პროცესს. ზუგდიდში ყოფნისას დეპუტატები და ლიეტუვის ელჩი საქართველოში ენგურის ხიდის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონულ ოფისს ეწვივნენ. პარლამენტის წარმომადგენლებმა შეაქეს მისიის შრომისმოყვარეობა კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე მუშაობის კუთხით.