ლიტვა მხარს უჭერს ‘ახალი გვერდის გადაფურცვლას’ ქართულ ოფთალმოლოგიაში
დღეს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ და იაპონიის საელჩომ საქართველოში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც იაპონიის ხელისუფლება თვალის ქირურგიისთვის საჭირო ლაზერული აღჭურვილობის შესასყიდლად გრანტის სახით 85,680 ამერიკულ დოლარს გამოყოფს. პროექტის ინიციატორები და აქტიური ხელშემწყობები ვილნიუსის უნივერსიტეტის საავადმყოფო „სანტარიშკიუ კლინიკოს„ და ლიტველი დიპლომატები იყვნენ.
ლაზერული აღჭურვილობა რეტინოპათიის ადრეულ განვითარებასთან საბრძოლველად თვალზე რთული ოპერაციებისთვის გამოიყენება.
„მიუხედავად იმისა, რომ დროული ქირურგიული ჩარევა რეტინოპათიის მსხვერპლებს დაბრმავებისაგან გადაარჩენს, ბევრმა ქართველმა ბავშვმა საავადმყოფოებში ტექნიკის სიმცირის გამო დაკარგა მხედველობა,“ აღნიშნა ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა.
ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში რეტინოპათიის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა დროის ფაქტორს ენიჭება. რეტინოპათიის პროგრესის დადგენის შემთხვევაში, საჭიროა გადაუდებელი თვალის ოპერაციის ჩატარება.
„რამოდენიმე წლის წინ, ლიტვის საელჩომ რამოდენიმე საათში მოახერხა ბავშვის გადაყვანა თბილისიდან ვილნიუსის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში, თუმცა ეს დრო არასაკმარისი გამოდგა- ავადმყოფობა უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ბავშვს მხედველობა მთელი სიცოცხლით წაართვა,“ -იხსენებს ლიტვის ელჩი.
იაპონიის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი გრანტით შეძენილი აღჭურვილობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ ექიმებს ოპერაციები საქართველოში ჩაატარონ. ლიტველი ექიმები, რომლებსაც ცნობილი ოფთალმოლოგი, რასა ბაგდონიენე, ხელმძღვანელობს, ქართველ სპეციალისტებს მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და საჭირო უნარჩვევების დაუფლებაში დაეხმარებიან.
წლის დასაწყისში ლიტველმა ექიმებმა იაშვილის კლინიკას საჩუქრად რეტინოპათიის დიაგნოსტიკური ტექნიკა გადასცეს.
მათ ლიტველმა დიპლომატებმაც მიბაძეს და წააქეზეს იაშვილის კლინიკა იაპონიის საელჩოსთვის მიემართა თხოვნით. დეკემბერში თხოვნა საელჩოს Grass-Root პროექტის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა.
„ლიტვის მხარდაჭერამ ქართული ოფთალმოლოგიის ისტორიაში ახალი გვერდის გადაშლაში დაგვეხმარა, და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, აღნიშნავს ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ოფთალმოლოგი და პროექტის მამოძრავებელი ძალა, ექიმი ზაზა ხოტენაშვილი.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი 2011 წლის განვითარების კოოპერაციის პროგრამის ფარგლებში გეგმავს თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროექტში და გამოყოს ფულადი სახსრები სამედიცინო პერსონალის ტრეინინგისთვის საქართველოში.
წყარო: ლიტვის საელჩო