ლიტვის საჩუქარი ხაშურელ ინვალიდ გოგონას
შობის წინა დღეს ლიტვის საელჩომ 30 წლის იზა ჯავახიშვილს ხაშურის იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო ცენტრიდან ინვალიდის სავარძელი შეუძინა. სავარძლის შესყიდვა ლიტვაში და მისი ტრანსპორტირება საქართველოში ლიტვის ტელევიზიის ცნობილმა წამყვანმა, ედიტა მილდაჟიტემ ითავა.
ჯავახიშვილს ბავშვობიდან ძლიერი ეპილეფსის შეტევები აქვს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
„ამ გოგოს გასულ გაზაფხულს შევხვდი, ჩვენი გუნდი საქველმოქმედო ღონისძიებისთვის მასალას აგროვებდა, რომლითაც ჩვენ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს, კერძოდ კი ბავშვებს ვეხმარებოდით,“ იხსენებს ედიტა მილდაჟიტე.
„წლების მანძილზე მის ახლო ნათესავებს სავარძლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ, და მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი 2008 წელს ოკუპანტთა ჯარმა საკუთარი სახლიდან განდევნა, ეს სრულებით შეუძლებელი გახდა. ჩვენ დავპირდით დახმარებას, და პირობა შევასრულეთ კიდეც,“ აღნიშნავს მილდაჟიტე.
„მინდა მადლობა გადავუხადო ლიტველ ხალხს, ვისაც ამ ეკონომიკური კრიზისის დროს არ ავიწყდება გაჭირვებულები და სურს მათი დახმარება“, განაცხადა სავარძლის გადაცემის ცერემონიაზე ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა.
ხაშურის რეგიონში დაახლოებით 2000 დევნილი ცხოვრობს.
ამ გაზაფხულზე ჩატარებული „ლიტვა - საქართველო. ერთი გული“ საქველმოქმედო კამპანიის დროს, ლიტვის მოქალაქეებმა და ბიზნეს კომპანიებმა დევნილი ბავშვების დასახმარებლად 250,000-მდე ლიტა ($ 100,000) შეაგროვეს.
გამოყოფილი სახსრების წყალობით, 230 ქართველი ბავშვი უკვე გადის სამედიცინო მკურნალობას და დაახლოებით იგივე რაოდენობა თავის რიგს ელოდება.
წყარო: ლიტვის საელჩო