ლიტვური კვალი ბათუმში
პარასკევს ბათუმის ახალ ბულვარში ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ლიტველი და ქართველი მხატვრების ერთობლივი ნამუშევრის „ოცნების კოშკი. ლაბირინთი“-ს შეფასების საშუალება მიეცათ.
„ეს ქანდაკება საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული მეგობრობის ლამაზი სიმბოლოა. სრულებით უბრალო იდეა ფართომაშტაბიან ერთობლივ პროექტში გადაიზარდა. სასიამოვნოა, რომ ამ იდეას მხარი ბათუმის მერიამ დაუჭირა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ბოლო ერთობლივი პროექტი ლიტვასა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის,“- აღნიშნა ლიტვის ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა ქანდაკების გახსნის ცერემონიის დროს.
ამ პროექტისთვის ლიტვის თანამშრომლობისა და დემოკრატიის მხარდაჭერის განვითარების პროგრამიდან დაახლოებით 2,100 ევრო გამოიყო. იგივე რაოდენობის თანხა პროექტისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტმაც გაიღო.
„ეს ქანდაკება სპეციალურად ამ ადგილისთვის შეიქმნა. ის ყველა იმ მეოცნებეს ეძღვნება, ვინც ბათუმს სტუმრობს. იმისათვის, რომ „ოცნების კოშკს“ მიაღწიო ლაბირინთის თავსატეხი უნდა ამოხსნა, მერე კი საკუთარ ოცნებაზე იფიქრო, სვეტს ხელი დაადო და ზღვას შეხედო. შენი ოცნება აუცილებლად ასრულდება,“ განაცხადა ქანდაკების იდეისა და ინსტალაციის ავტორმა, ირაკლი წულაძემ.
მოქანდაკე ირაკლი წულაძე და ბ-ნი მარიუს აბრამავიშიუსი 2003 წლიდან ერთად მუშაობენ. მათ არა-ტრადიციული პროექტები ლიტვასა და საქართველოში აქვთ განხორციელებული.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში