LTV WORLD საქართველოს საკაბელო ქსელს შეუერთდა
ლიტვის სახელმწიფო რადიო და სატელევიზიო არხი, LTV World, უკვე თბილისის მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ადგილობრივი ლიტველებისთვისაც, გახდა ხელმისაწვდომი. ამ კვირის დასაწყისიდან, LTV World, თბილისის ორი ყველაზე მსხვილი საკაბელო კომპანიის, აეტისა და გლობალ TV-ის არხების ნუსხას შეემატა. ამ საკაბელო ქსელების აუდიტორია საშუალოდ 100 ათას მაყურებელს ითვლის.
დღემდე, LTV World-ის ნახვა მხოლოდ ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში იყო შესაძლებელი.
„გვჯერა, რომ LTV World აუცილებლად იპოვის თავის ადგილს ქართულ საინფორმაციო ბაზარზე, განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ ლიტვისა და ჩვენი რეფორმების მიმართ გაზრდილ ადგილობრივ ინტერესს,“ განაცხადა ლიტვის ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა.
„თავის მხრივ, ლიტვამ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა გამოყოს უცხოურ ენაზე მაუწყებლობისთვის, რათა LTV World იმ ადამიანებისთვისაც საინტერესო გახდეს, ვინც ლიტვურად არ საუბრობს“, აღნიშნა ელჩმა.
LTV World 2007 წლის სექტემბრიდან არსებობს. 2008 წლის აპრილიდან კი არხი 24 საათიანი რეჟიმით კვირაში 7 დღე მაუწყებლობს.
თანამგზავრის მეშვეობით ის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გადაიცემა.
წყარო: ლიტვის საელჩო
www.litva.ge