ნატოს დღე აჭარაში
ლიტვის პრეზიდენტი იონას პასლაუსკასი აჭარას ეწვია და ნატოსადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ქობულეთის მაცხოვრებლები და სტუმრებიკინოთეატრში შეიკრიბნენ, სადაც დოკუმენტური ფილმის „ნატოს ქრონიკების“ ჩვენება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ კინოთეატრის აღდგენა ლიტვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის სახსრებით განხორციელდა.
ლიტვის ელჩი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ნატოს დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე ისაუბრა.
მოგვიანებით, ელჩი პასლაუსკასი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე ლექცია წაიკითხა.
საჯარო განხილვისას ღონისძიების მონაწილეებმა აქტიური ინტერესი გამოიჩინეს ნატოში გაწევრიანების საქართველოს შესაძლებლობების მიმართ და ამ წევრობის შესაძლო „რეცეპტებიც“ განიხილეს.
„ალიანსის ყველა წარმომადგენელი ქვეყანა ნატოს ახალ წევრთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთსულოვნად იღებს. შესაბამისად, საქართველომ თავისი მეგობრებისა და მხარდაჭერების წრე უნდა გააფართოვოს. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა საერთაშორისო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება და ამოცანების შესრულებაა. მეორე რიგში, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების განხორციელება და უნდა შესძლოს იმის დამტკიცება, რომ არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ნატო, არამედ ალიანსსაც ესაჭიროება საქართველო“, აღნიშნა იონას პასლაუსკასმა.
ამა წლის დასაწყისიდან ლიტვის საელჩო საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს როლს ასრულებს. საელჩოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნატოს, მისი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში