პირველი ოპერაცია რეტინოპათიაზე საქართველოში ლიტველმა ექიმებმა ჩაატარეს
21 ნოემბერს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლიტველმა ექიმებმა პირველად საქართველოში ჩაატარეს ოპერაცია რეტინოპათიაზე.
ექიმები რასა ბაგდონიენე და რასა სირტაუტიენე ხელმძღვანელობენ პროექტს „ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში რეტინოპათიის შედეგად დაბრმავების პრევენციის პროგრამა საქართველოში“.
თვალის ქირურგიის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელიც ნაადრევად გაჩენილ ჩვილებში რეტინოპათიის სამკურნალოდ გამოიყენება, იაპონიის მთავრობამ უზრუნველყო. ლიტვა სამედიცინო პერსონალის ტრეინინგებს კურირებს.
19 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ოფთალმოლოგიის კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც საავადმყოფოებში ტრეინიგებიც ახლავს თან. სემინარების დროს ერთ ნაადრევად გაჩენილ ახალშობილს რეტინოპათიის დიაგნოზი დაესვა. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, ექიმებმა მას მხედველობა შეუნარჩუნეს.
რეტინოპათია ნაადრევად გაჩენილ ჩვილებში ბოლო პერიოდში აღმოჩენილი თვალის დაავადებაა. ესაა ბავშვთა დაბრმავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთელ მსოფლიოში.
ლიტვაში მსგავსი ქირურგიული ოპერაცია პირველად 1994 წელს ჩატარდა. დღემდე 500 ბავშვზე მეტმა მხედველობა სათანადო მკურნალობის წყალობით შეინარჩუნა.
იაპონიისა და ლიტვის მხარდაჭერით ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში რეტინოპათიის მკურნალობა საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.
