საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში
28 ივნისს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილმა და ასევე, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიტაუტას უმბრასასმა.
თავის მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა იონას პასლაუსკასმა აღნიშნა, რომ საქართველოს მონდომება და ძალისხმევა სათანადოდ იქნა შეფასებული ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავ უნდა დარჩეს საშინაო რეფორმების გატარების მტკიცე პოზიციაზე.
„ჩიკაგოში გარკვეულად ითქვა- საქართველომ დემოკრატიის გასამყარებლად თავისი ვალდებულებები უნდა წარმოაჩინოს. ამ სამიტის შემდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეფორმებისა და ინტეგრაციის პროცესის უწყვეტობას. შემოდგომის მოახლოებული არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება“, განაცხადა ელჩმა.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას სხვადასხვა ინსტიტუტებისა და საქართველოში მოქმედი არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და, ასევე, უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ამ კონფერენციას ყოველწლიურად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აწყობს. წელს მონაწილეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ისაუბრეს ინტერნეტ (კიბერ) უსაფრთხოებაზე, ISAF-ზე (საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალები), მომავალ გეგმებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში