საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის სახელი მიენიჭა
6 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭო, რომელსაც დაესწრო ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა. აკადემიური საბჭოს მიერ, საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წინადადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედ ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს, მიენიჭოს ცენტრის დამფუძნებლისა და დიდი ხნის ხელმძღვანელის, პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის სახელი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გარდაიცვალა.
უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ უმაღლესი შეფასება მისცა პროფესორ კავალიაუსკასის საქმიანობას და განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის, გარდაცვლილი პროფესორი დააჯილდოვა უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედალით. უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ პროფესორ კავალიაუსკასის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ლიეტუვური კულტურისა და ენის ცენტრისათვის, არამედ მთლიანად უნივერსიტეტისათვის. ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოდან 300-ზე მეტ სტუდენტს საშუალება ჰქონდა ლიეტუვური ენა უფასოდ შეესწავლა, ზოგიერთმა კი, ენის დაუფლების შემდეგ, შეძლო გაეგრძელებინა სწავლა ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებში. რექტორის განცხადებით, „ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრმა და მისი დამაარსებლის, პროფესორ კავალიაუსკასის საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორმხრივი აკადემიური გაცვლის გაღრმავებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს ცენტრის სრულ მხარდაჭერას, რომლის აქტიური მუშაბითაც ძლიერდება ლიეტუვასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები “.
ელჩმა ანდრიუს კალინდრამ სიტყვით მიმართა აკადემიური საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ საზოგადოებას ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერისთვის და გადაწყვეტილებისთვის, რომ ცენტრს მიენიჭოს ვიდას კავალიაუსკასის სახელი, პროფესორის ხსოვნის პატივსაცემად. „ახალგაზრდების აკადემიური გაცვლა, ორი ქვეყნის კულტურის, ენისა და ტრადიციების გაცნობა, საუკეთესო ინვესტიციაა ლიეტუვისა და საქართველოს შორის ურთიერთობების მომავალსა და საერთო ევროპულ მომავალში“, - აღნიშნა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მოქმედი ერთადერთი ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი საქართველოს ტექიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა თბილისში ხორციელდება ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.