*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენისა და ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2024 წლის 20 თებერვალს ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე და ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე თბილისში მყოფ დიპლომატიურ კორპუსთან, ქართული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად და საქართველოში ლიეტუვურ სათვისტომოსთან ერთად აღნიშნა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა მომღერალმა მარიამ მაკარაშვილმა, თბილისის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის კურსდამთავრებულმა, შთამბეჭდავად შეასრულა ლიეტუვისა და საქართველოს ჰიმნები. საღამოს პროგრამა გააგრძელეს ლიეტუველმა შემსრულებლებმა როკას ზუბოვასმა და სონატა ზუბოვიენემ, რომლებმაც შეკრებილი სტუმრებისთვის მიკალოიუს კონსტანტინას ჩიურლიონისის ორი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები შეასრულეს ფორტეპიანოზე - "Miške" და "Jūra". შემსრულებლებმა ასევე შეასრულეს ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის "მზის ჩასვლის უვერტიურა" მისი ყველაზე ცნობილი ოპერიდან "დაისი". გარდა მუსიკალური ნაწარმოებებისა, სონატა ზუბოვიენემ წაიკითხა ნაწყვეტები მ.კ. ჩიურლიონის ლიტერატურული ტექსტებიდან, სადაც წარმოდგენილი იყო ლიეტუველი გენიოსის ურთიერთობა ბუნებასთან და ღრმად ჰუმანისტური მსოფლმხედველობა.

ღონისძიების დროს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ, მისასალმებელი სიტყვის ფარგლებში, შეახსენა დამსწრეებს, რომ 1918 წლის 16 თებერვალს ლიეტუვამ აღადგინა სახელმწიფო, რათა მის მაცხოვრებლებს შესძლებოდათ ესარგებლათ თავისუფლებით. მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათი წლის იუბილე, რომელიც აღინიშნება 2024 წელს, გამოირჩევა ლიეტუვასა და საქართველოს შორის განგრძობადი პოლიტიკური დიალოგით, ისევე როგორც კულტურულ და აკადემიურ საქმიანობაში მიმდინარე შეუფერხებელი თანამშრომლობით. თუმცა, გარდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისა, 2024 წელს ასევე აღინიშნება ლიეტუვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ოცი წლისთავი და საქართველოში ლიეტუვის საელჩოს გახსნიდან ოცი წელი. ელჩმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვური სათვისტომოს წევრებს მხარდაჭერისთვის, იდეებისა და ერთობლივი პროექტებისთვის.

ღონისძიებას ვიზიტით პატივი მიაგეს ლიეტუვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა, იონას სურვილამ და ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ასევე აღნიშნეს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები, მძლავრი კულტურული და აკადემიური თანამშრომლობა და დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათი წლისთავი.