თავისუფლებისთვის მებრძოლთა მოხსენიების დღე საქართველოში
დღეს ლიტვის ელჩის რეზიდენციაში თავისუფლებისთვის მებრძოლთა გახსენების დღე აღნიშნეს. საქართველოში მცხოვრები ლიტველი საზოგადოების წევრებმა და იმ ლიტველებმა, ვისაც უსწავლია და უმუშავია საქართველოში, 1991 წლის 13 იანვრის ღამის მოვლენები გაიხსენეს და 14 ახალგაზრდა მოქალაქის დაღუპვას წუთიერი დუმილი მიაგეს.
"დღეს ჩვენ იმ 14 ადამიანს ვიგონებთ, რომლებითაც ვამაყობთ. ისინი იცავდნენ სახელმწიფო შენობებს და არ ფიქრობდნენ გმირობაზე. ბედისწერამ ისინი ლიტვას შესწირა. ამ წუთებში ჩვენ თავს ყველაზე ძლიერებად ვგრძნობთ, რადგანაც ერთად ვართ და ეს ერთსულოვნება ჩვენ მომავალშიც გვჭირდება,"- განაცხადა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.
"ის, რაც ლიტვაში ოცდაერთი წლის წინ მოხდა ჯერ არ დასრულებულა. ამის მოწმენი ჩვენ სამი წლის წინ საქართველოში გავხდით,"- დაამატა ელჩმა.
ღონისძიების მონაწილეებმა არა მხოლოდ 1991 წელს ვილნიუსში მომხდარი მოვლენების ისტორიული ვიდეო მასალა იხილეს, არამედ რუსი რეჟისორის, ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმიც ნახეს, რომელიც 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.