თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოში ლიტვის წევრობის 7 წლის იუბილე აღნიშნეს
დღეს ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში ლიტვის წევრობის 7 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ელჩი, ასევე, ესტუმრა უნივერსიტეტში არსებულ ნატოს კუთხეს და წაიკითხა ლექცია ნატოს თემაზე, სტუდენტებს კი ახალგამომცხვარი ლიტვური პურით სავსე კალათა გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ელენე ხოშტარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლიტვის თავდაცვის ატაშე ვირგინიჟუს ვილკელისი და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ელჩმა ისაუბრა ალიანსის მიზნებსა და ძირითად სამოქმედო პრინციპებზე, წარმოადგინა ლისაბონში გამართული ნატოს სამიტის შედეგები და გამოყო უსაფრთხოების მთავარი საკითხები, რასაც ლიტვა და ნატო 21 საუკუნეში შეეჩეხნენ.
„უკვე შვიდი წელია, რაც ლიტვა ნატოს ოჯახს ეკუთვნის და ალიანსისგან უსაფრთხოების გარანტიებს ფლობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ თავი უნდა გავართვათ იმ ახალ გამოწვევებს, რაც მიმდინარე ფინანსურ ზეწოლის დასაძლევაში დაგვეხმარება“, განაცხადა ელჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას და შეაქო სტუდენტები ნატოს საკითებში მათი ინტერესის გამო.
„ნატოსკენ მიმავალი გზის გასავლელად ლიტვას ათწლეული დასჭირდა. საქართველომაც უნდა გამოიჩინოს მოთმინება და განაგრძოს რეფორმების განხორციელება. გასულ წელს ლისაბონში ჩატარებულმა ნატოს სამიტმა 2008 წლის ბუქარესტის შეკრების რიტორიკა გაიმეორა- კერძოდ, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდებოდა. ლიტვას მსგავსი პირობა არასდროს მიუღია,“ აღნიშნა პასლაუსკასმა.
ამა წლის 1 იანვრიდან ლიტვის საელჩო საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციებს ასრულებს. ნატოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისი მთავარი პრიორიტეტია.
წყარო: ლიტვის საელჩო



