თბილისში გაიმართა ლიეტუვური კულტურის ფესტივალი ,,სარკმელი ლიეტუვაში“
2023 წლის 10-12 მაისს თბილისში გაიმართა ლიეტუვური კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“.
ფესტივალის ფარგლებში ქართულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა უკეთ გაეცნო ლიეტუველი კინორეჟისორები და მათი ნამუშევრები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იონას მეკასის ფილმები, რომლებიც ხელოვანის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მაყურებელს ასევე საშუალება ჰქონდა ენახა 2022 წლის 4 ნაწილიანი ფილმი „გატეხილი პიანინო და სხვა ისტორიები“, შექმნილი რეჟისორების ბერნარდას ანდრიუშისის, არტურას იევდოკიმოვასის და ჯეფრი პერკინსის მიერ. ქალაქ ვილნიუსის 700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა სპეციალური კინოჩვენება, რომლის დროსაც ნაჩვენები იყო ფილმები „დრო გადის“ და „აქ იყო ვილნიუსი“, წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა „ცხოვრება თბილისში“. ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართა კომპოზიტორისა და მულტიინსტრუმენტალისტის, საულიუს პეტრეიკისის ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამა „ძველი ლიეტუვური ინსტრუმენტები“, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოება გაეცნო ლიეტუვის უნიკალურ მუსიკალურ მემკვიდრეობას. მზიურის პარკის სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საულიუს პეტრეიკისის მსოფლიო ორკესტრის კონცერტი იურესეში ქართულ სიმებიანი კვარტეტის "Just Quartet"-თან ერთად.
ეს უკვე მეორე ლიეტუვური კულტურის ფესტივალია, რომელიც თბილისში ტარდება. პირველი ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ 2021 წელს გაიმართა.