*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა

2023 წლის 6 დეკემბერს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობაში გაიმართა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებული მიღება, რომელსაც საქართველოში ლიეტუვის თავდაცვის ატაშემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა დონატას რუპშისმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ უმასპინძლეს. მიღება ასევე ეძღვნებოდა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების შექმნის 105 წლისთავს.

მიღებაზე მოწვეული იყვნენ საელჩოს პარტნიორები, მეგობრები, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი. მიღებაზე საპატიო სტუმარი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი.

სტუმრების მისამართით მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმისას ყურადღება გამახვილდა ლიეტუვისა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში. გამოიყო თანამშრომლობის განსაკუთრებული სფეროები.

თავიანთ გამოსვლებში, თავდაცვის ატაშემ, ელჩმა და საპატიო სტუმარმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის როგორებიც ლიეტუვა და საქართველო არიან და პატივი მიაგეს ქართველი სამხედროების თავგანწირვას საერთაშორისო მისიებში ნატოს ეგიდით. გამოსვლები ასევე შეეხო მრავალ წარმატებულ სამხედრო წვრთნას, რომელშიც ლიეტუვა და საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ გასული წლის განმავლობაში.

ელჩმა და თავდაცვის ატაშემ ყურადღება გაამახვილეს ქართველი მოხალისეების მამაც ბრძოლაზე უკრაინის ომში და ისაუბრეს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედი ევროპის თავისუფლებისთვის.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ გურჯაანიდან. ანსამბლმა შეასრულა ლიეტუვისა და საქართველოს ჰიმნები, ისევე როგორც რამდენიმე კომპოზიცია საკუთარი რეპერტუარიდან, რამაც სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.