თვალის ქირურგიისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობის პრეზენტაცია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში რეტინოპათიის სამკურნალოდ თვალზე ქირურგიული ოპერაციისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ამ დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია ლაზერული აღჭურვილობა, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიაში დღემდე არ მოიპოვებოდა.
პროექტის ინიციატორები ვილნიუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს „სანტარიშკიუ კლინიკოს„ ლიტველი ექიმები იყვნენ. პროექტი ლიტვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.
ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იონას პასლაუსკასი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მასაიოში კამოჰარა და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალურ საკითხებში მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ირაკლი გიორგობიანი, სამედიცინო პერსონალი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„ეს პროექტი სამგზის მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მისი მიზანია დაეხმაროს ბავშვებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მეორე- ეს პროექტი საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას და ქართველი ხალხის დახმარების გულწრფელ სურვილს გამოხატავს. და ბოლოს, იაპონიამ ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა და იაპონიის მთავრობის მზადყოფნა და მცდელობა კვლავ დაეხმაროს სხვებს აღტაცების ღირსია,“- აღნიშნა ელჩმა იონას პასლაუსკასმა.
თვალიის ქირურგიისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით საავადმყოფოს უზრუნველყოფა ხელისუფლებამ ითავა, რაც შეეხება ქართველი სამედიცინო პერსონალის ტრეინინგს, მას თვალის დაავადებათა ლიტველი სპეციალისტები ჩაატარებენ. სავარაუდოდ, ყოველწლიურად ამ პროექტის მეშვეობით 100 ბავშვი სათანადო დახმარებას მიიღებს.
